საქართველოსთვის სტატუსის მიცემაზე უარი იყო დისკრიმინაცია და უპატივცემულობა - ორბანი

პუბლიკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღოთ უკრაინას და მოლდოვას, მაგრამ არა საქართველოს, იყო დისკრიმინაციული და უპატივცემულო საქართველოსა და ქართველი ერის მიმართ. ამის შესახებ ორბანმა დღეს ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში. ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს.

ეს ვერ იქნება მორალურად გამართლებული და საზიანო გადაწყვეტილებაა. ჩვენი სტუმარი და ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება საქართველოს, ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ იყო უპატივცემულო.

ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩავიდა.