„მანიპულაციაა" - მინისტრმა „რადიო თავისუფლების" სტატიაზე ვრცელი კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილის „რადიო თავისუფლების“ მიერ მომზადებულ სტატიას „მანიპულაციას” უწოდებს და აცხადებს, რომ ეს „ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად”.

„რადიო თავისუფლებამ“ გუშინ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია, რომ საქართველოს შესაძლოა, რუსეთი სანქცირებული, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძენად იყენებდეს

„რადიო თავისუფლების ეს სტატია არის მანიპულაცია, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად! ეს არ არის პირველი შემთხვევა და მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და კონკრეტული პირები ბოლო 2 წლის განმავლობაში!

ამ 2 წლის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი ბრალდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით პასუხი რომ არ გაგვეცა და ბუნებრივია, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი”, – წერს მინისტრი.

მისი განცხადებით, სტატიაში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმის დასადასტურებლად, თითქოს, საქართველოში კონკრეტული ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის არაბუნებრივი ზრდა გვაქვს და თითქოს საქართველოდან ეს საქონელი შეიძლება მოხვედრილიყო სანქცირებულ ქვეყანაში.

ხუციშვილის აღნიშნავს, რომ „სინამდვილეში”, ყველაფერი ძალიან მარტივად გადასამოწმებელია საქსტატის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ის ამბობს:

„1. სტატიის მიხედვით: 6-ჯერ არის გაზრდილი აშშ-დან აერონავიგაციისა ან კოსმოსური ნავიგაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების იმპორტი (29 ათასი დოლარიდან 179 ათას დოლარამდე) – სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 14-ჯერ, 2.6 მილიონი დოლარიდან 180 ათას დოლარამდე;

2. სტატიის მიხედვით: ინტეგრალური სქემების იმპორტი აშშ-დან ათჯერ მეტია, ვიდრე წინა 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული ამ პროდუქციის ჯამი (ჯამურად, 2 წლის განმავლობაში 50 ათასი დოლარის) – სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 3-ჯერ, 5.2 მილიონი დოლარიდან 1.6 მილიონ დოლარამდე;

3. სტატიის მიხედვით: 2016 წლის შემდეგ მხოლოდ 2022 წელს განახლდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში კერამიკული კონდესატორების იმპორტი (საუბარია 1670 დოლარის ჯამურ ღირებულებაზე) – სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი გვქონდა 2019 წელს 5600 დოლარის ოდენობით და 2022 წელს 5700 დოლარის ოდენობით;

4. სტატიის მიხედვით: აშშ-დან ნახევარგამტარების იმპორტში ზრდა გვაქვს 1790 დოლარამდე 2023 წელს – სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 22%-ით, 23.2 ათასი დოლარიდან 18 ათას დოლარამდე. პრაქტიკულად ყველა მონაცემი, რომელიც სტატიაშია მოყვანილი კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან (აშშ) იმპორტის მაგალითზე, სრულიად აცდენილია რეალურ სურათს და ამის დანახვა მარტივად არის შესაძლებელი იგივე წყაროზე, რაც სტატიაშია მითითებული: საქსტატი – „საქართველოს იმპორტი სასაქონლო პოზიციების მიხედვით (HS 6-ნიშნა) 2015-2024 წლები“, – აცხადებს ხუციშვილი.

მინისტრი აცხადებს, რომ „საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტური კონტროლის შესაბამისი მექანიზმები”, რასთან დაკავშირებითაც სრულად ინფორმირებულია საერთაშორისო სანქციების დამწესებელი პარტნიორები.

„საქართველოზე მეტს (არა მხოლოდ რეგიონში) არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, რაზეც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი რესურსი იხარჯება. დროა დასრულდეს ცილისწამების ეს ორკესტრირებული კამპანია და ადეკვატური შეფასება მოჰყვეს იმ ძალისხმევას, რასაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების გლობალურ საკითხში”, – წერს ის.

რას წერს „რადიო თავისუფლება“

„რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წელს რეკორდულად გაზრდილი რაოდენობის ამერიკული ტექნოლოგიური პროდუქცია შეიძინა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს აშშ-იდან მიკროჩიპების იმპორტი 3370%-ით გაიზარდა.

მედია მიუთითებს, რომ ეს ის პროდუქციაა, რისი შეძენაც რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეეზღუდა – მათ რუსეთი ძირითადად საომარი ტექნოლოგიებისა და იარაღის საწარმოებლად იყენებს.

„რადიო თავისუფლება“ სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით სტატიაში საუბრობს იმაზეც, რომ უკრაინაში ომის პარალელურად საქართველომ მკვეთრად გაზარდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი დასავლეთიდან და ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში – მათ შორისაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ანუ, ქვეყნები, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიმწოდებელ ქვეყნებად არაერთხელ დასახელებულან.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები მიკროჩიპებით მოვაჭრე ოთხი გიგანტური ამერიკული კომპანიის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას ეყრდნობა – მათი განცხადებით, ამ კომპანიების მიერ წარმოებული ნახევარგამტარები და მიკროჩიპები ყველაზე ხშირად ხვდებათ შეიარაღების მკვლევრებს უკრაინაში გამოყენებულ რუსულ სამხედრო იარაღში.

მედიამ გადაამოწმა საგარეო ვაჭრობის მონაცემებში ის „კრიტიკული კომპონენტები” და „სამხედრო შეიარაღების გასაძლიერებლად საჭირო” პროდუქცია, რომლის ყიდვაც რუსეთს სანქციების გამო პირდაპირ არ შეუძლია აშშ-ისა და ევროკავშირისგან.

მათი განცხადებით, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოში იმ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის მონაცემები, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია თავმოყრილი.

სტატიაში საუბარია, რომ ბოლო სამი წელია, მცირდება ევროკავშირის ქვეყნების წილი საგარეო ბრუნვაში, ჩნდება ისეთი პროდუქტები, რომლებიც მანამდე არ ან გაცილებით მცირე რაოდენობით შემოდიოდა საქართველოში.