„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე მისი და ლაშა ნაცვლიშვილის მიმოწერა განმარტა და თქვა, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობას” ეხებოდა. საუბარია „მთავარი არხის” კამერით პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გადაღებულ კადრებზე, რომელზეც, არხის ინფორმაციით, ნაჩვენებია კობახიძისა და ლაშა ნაცვლიშვილის მიმოწერის კადრები.
„ლაშა ნაცვლიშვილი პიარის მიმართულებას ხელმძღვანელობს პარტიაში და ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება მიმოწერას, იქ ერთი სიტყვა მოგება არის შეცდომით, „არ მოგვცემენ” ეწერა. დარტყმაზეც იყო საუბარი, დარტყმა სწორი, მაგრამ „მოგება“ არასწორია. ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა „საერთაშორისო გამჭირვალობასაც”, ეკა გიგაურსაც, 400 საარჩევნო უბანზე. ამ PVT–ს თანახმად, ზუსტად აჯდებოდა ეს მონაცემები ცესკოს მონაცემებს და, სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური.
ჩვენ ვიმსჯელეთ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა, ვინმეს მეშვეობით გამოგვეთხოვა ინფორმაცია, როგორც გიგაურისგან, ასევე ISFED-ისგანაც. ჩვენ გვინდოდა ორივე PVT-ს მონაცემები, რაზეც წარიმართდებოდა მსჯელობა, მე გავუზიარე ჩემი მოსაზრება ლაშა ნაცვლიშვილს, ვუთხარი, რომ არ მოგვცემდნენ ამ ინფორმაციას. ეს არის მითითებული ამ მესიჯში, თუმცა ლაშა ნაცვლიშვილის პოზიცია იყო – მაინც გვეცადა. საქმე ეხებოდა ორ PVT-ის, ISFED-ისა და ეკა გიგაურის PVT-ს, რომელიც, სამწუხაროდ, იმალებოდა. მე არც ვიცი, ჩატარებული ჰქონდა თუ არა ეკა გიგაურს PVT”, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ხომ არ უნდა მოველოდეთ, რომ რაიმე კუთხით დადგეს ამ ორგანიზაციის ან ორგანიზაციის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი, კობახიძე პასუხობს, რომ ეს „დელიკატური თემაა, რადგან საქმე არასამთავრობო ორგანიზაციას ეხება.“
კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. „მთავარ არხთან“ საუბრისას მან განმარტა, რომ PVT „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არ ჩაუტარებია:
„ამიტომ სანამ ბრიფინგებს მოაწყობენ მაღალჩინოსნები, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ, რაც შეეხება ჩვენს სადამკვირვებლო მისიას, ყველამ ვიცით და ბრიფინგებიც გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ გვყავდა დაახლოებით 450 სატატისტიკური მაკვირვებელი საარჩევნო უბნებზე, და ამ საარჩევნო უბნებიდან ვაგროვებდით ინფორმაციას.
არც რამე დასამალი გვაქვს, არც რამე შიშები გავაქვს ამასთან დაკავშირებით და არც გვგონია, რომ ასეთი ტიპის პრეტენზიები ჩვენს მიმართ უნდა გაჟღერდეს“,- ამბობს გიგაური.