„ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველაფერი, ყველაფერი გააკეთონ. არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ნახეთ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, სასიკვდილოდ გაიმეტეს, გადარჩა, შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს. რა თქმა უნდა, ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია“,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც, სახელმწიფო გადატრიალებისა და ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების მუხლებით მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იძიებენ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.
სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, „ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა”.