„საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან" - წილოსანი რუსული კანონის მოწინააღმდეგე მსახიობებზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მსახიობები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, „საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი“. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„1 წლის წინანდელი აქციის ფოტოების გაზიარებამ და ტრიალმა, ისე თითქოს ახალია, კიდევ უფრო მეტი უარგუმენტობა გამოავლინა გამჭვირვალობის კანონპროექტთან მიმართებაში. მაშინ, როცა სხვა არაფერი ამაგრებს მათ პოზიციას, ალბათ მასიური ტყუილები ერთადერთი გამოსავალია.

უფრო მეტიც, ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსებისა და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს.

დარწმუნებული ვარ, ის მსახიობები, რომლებიც ერთვებიან ამ პროცესებში საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა მივმართო – რუსეთს, ეკრანებს და სხვადასხვა ცნობილ სახეებს ამოფარებას, აჯობებს, სადაც საჭიროა იქ გვესაუბრონ”, – განაცხადა წილოსანმა.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.