თბილისის საქალაქო სასამართლოში გოგი წულაიას საქმის განხილვა დაიწყო.
სასამართლო პროცესი შესაძლო სქესობრივი დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით დაიხურა. ბრალდებული გოგი წულაია მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.
სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ბრალდება არ ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და საქმეში არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, „ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული“.
„საქმეში წარმოდგენილია უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები. არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, არამედ წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ამასთან ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული“, – აცხადებს პროკურორი.
შეკითხვაზე – რას ასახავს ვიდეომასალა, ? – ის ამბობს, რომ „ვიდეომასალა ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა მას შემდეგ, რაც გოგი წულაიამ განახორციელა, სავარაუდოდ, 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღდმეგო და ბრალეული ქმედება“.
პროკურორი იმასაც ამბობს, რომ საქმეში გოგი წულაიას არაფხიზელი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიცაა, „თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები“.
გოგი წულაიას უფლებადამცველი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ პროკურატურას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულებები. მისი მტკიცებით, ვერცერთი დასკვნა ვერ ამყარებს წარმოდგენილ ბრალდებას. მისივე თქმით, საქმეში არც იმის მტკიცებულება არაა, რომ იმ საღამოს წულაია ნასვამი იყო.
„ერთადერთი მტკიცებულება, რაც ამ ბრალდებას უდევს საფუძვლად, ესაა დაზარალებულის ჩვენება, მან ეს ჩვენება სატელევიზიო ეთერებში სამჯერ შეცვალა“, – ამბობს ადვოკატი.
გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს პროკურატურამ მას ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ადანაშაულებს.
პროკურატურის ვერსიით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დაზარალებულ ქალთან ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.