სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქე ნიკა ოსაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში „პუბლიკას” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მათივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დღეს აგარაში ჩავლენ და ოსაძეს გამოჰკითხავენ.
19 წლის ნიკა ოსაძე ამბობს, რომ 17 დეკემბერს აგარის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და სცემეს. მისი თქმით, ის დაკავების შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს და მძიმე დაზიანებები შენობაში ყოფნის დროს მიაყენეს. ამბობს, რომ ცემაში აგარის პოლიციის უფროსი სოსო გელაშვილი მონაწილეობდა.