საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გვერდით უნდა დავუდგეთ და სხვა ყველა საუბარი მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.
პაპუაშვილის თქმით, გამოწვევას, რომელიც ოკუპაციამ მოიტანა, ქვეყანა საერთაშორისო ზეწოლით და უკანონო პატიმრების დროულად დახსნის მცდელობით უნდა გაუმკლავდეს.
„უპირველეს ყოვლისა, რაც ყველას შეგვიძლია, გავაკეთოთ, ეს არის, რომ გვერდში დავუდგეთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ვაჩვენოთ ერთიანობა ამ საქმეში. ყოველი ასეთი ნიშნის მოგებით საუბარი, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს არის ხოლმე, როდესაც საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ადგილიდან გატაცება და მათი უკანონო პატიმრობაში მოქცევა ხდება, ხელს აძლევს მხოლოდ ერთ ქვეყანას და ეს არის რუსეთი. ამას სჭირდება ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერა.
ამასთან, ეს არ არის ახალი გამოწვევა, არამედ ეს არის სამწუხაროდ, შედეგი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და იმის, რომ 10 ათასამდე რუსი ჯარისკაცი სამწუხაროდ, დღემდე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ნაწილში. ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ორი რამით შეიძლება, ვუპასუხოთ: ერთი გახლავთ გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი მეგობრების დახმარებით გვაქვს და ყოველ ასეთ შემთხვევაში ხდება ამ ყველაფრის გამოყენება და მეორე – ეს არის მცდელობა იმის, რომ რაც შეიძლება მალე დახსნილი იყოს უკანონო პატიმრობიდან ადამიანები და ვიცით, რომ ამ მცდელობას შედეგი მოაქვს.
რაც შეეხება მეთოდებს, ამას განსაზღვრავს შესაბამისი სამსახურები. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც პატრიოტულად უყურებენ ამ საკითხს ნდობა უნდა გამოუცხადონ იმ სამსახურებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებული. ჩვენ უნდა ვენდოთ და ისინი ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რომ უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ. რაც უფრო მეტად ხდება ამ საქმის აჟიტირება, არაფერი გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დამატებითი მღელვარების შემოტანის მცდელობა ხდება, ამას არ მოაქვს. საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ჰყავს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ასეთ დროს საკმაოდ პროფესიონალურადაც მუშაობენ და შესაბამის შედეგსაც აღწევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევში 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე დააკავეს. დე ფაქტო უწყების განცხადებით, მას ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ აფხაზეში ჯაშუშობა ედება ბრალად.