სახალხო დამცველი 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედურ ანგარიშშს აქვეყნებს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ამ მოვლენების შემდეგ სამართალდამცავთა მოქმედების კანონიერების შესწავლა გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო. საქმის მასალებზე წვდომა კი სახალხო დამცველს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მიეცა. სახალხო დამცველის რწმუნებულები 46-ჯერ იმყოფებოდნენ პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად.
გთავაზობთ სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშიდან რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემის შესახებ მომზადებულ ქვეთავს.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები: კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე. მოგვიანებით (სახალხო დამცველის წინადადების შემდეგ) დაიკითხა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა.
მათი ჩვენებების თანახმად, პოლიცია ორი საათის განმავლობაში მხოლოდ პასიური საშუალებებით იცავდა პარლამენტის შენობას და საკუთარ უსაფრთხოებას. აქტიური საშუალებების გამოყენება დაიწყო დაახლოებთ 00:00 საათისთვის.
მინისტრი და მისი მოადგილეები უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.
ლევან კაკავას ჩვენებით, საკუთარი მიმართულების უზრუნველყოფისთვის, 20-21 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, გულუას ქუჩაზე და განვითარებულ მოვლენებს თვალს ტელევიზიების საშუალებით ადევნებდა. შესაბამისად, იგი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს ღონისძიების დაწყების, მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ. როგორც მისთვის ცნობილია, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ბრძანება სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ არ გაცემულა, თუმცა სამართალდამცავებს მისი გამოყენების უფლება ჰქონდათ და მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორის, ჩვენების თანახმად, 20 ივნისს პარლამენტთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მას დაევალა. იგი უთითებს გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური საშუალებების, მათ შორის გაზისა და რეზინის ჭურვების გამოყენებას. იგი უთითებს, რომ მოადგილეებს მისცა შესაბამისი დავალებები და ასევე მიუთითა დაქვემდებარებულებისთვის სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ. ინსტრუქტაჟი ითვალისწინებდა, რომ თანამშრომლები მზად უნდა ყოფილიყვნენ ყველა სახის სიტუაციაში მოქმედებისთვის და სრულად ყოფილიყვნენ აღჭურვილი პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებებით.
გდდ-ს დირექტორი უთითებს, რომ პარლამენტის შენობასთან პირადად მივიდა დაახლოებით 16:00 საათზე და დანაყოფების მეთაურებს ჩაუტარა თათბირი. სპეციალური აღჭურვილობით, თოფების გარდა, ცოცხალ ჯაჭვში პოლიციელების ჩაყენების მითითება მიიღო კახაბერ საბანაძისგან. მისი ცნობით, ამ დროისთვის თოფები მანქანებში, მეთვალყურეობის ქვეშ იყო, და მათი გამოყენება შეიძლება მოეხდინათ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
გდდ-ს დირექტორი უთითებს, რომ რამდენჯერმე მინისტრის მოადგილეებიც გავიდნენ ველზე და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. იგი უთითებს, რომ 23:30 საათზე, როცა პოლიციელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მან რაციით გადასცა ინფორმაცია მოადგილეებს და მინისტრის თანხმობით მიიღო გაზის გამოყენების ბრძანება. მან ბრძანება ჩაშალა თავის დაქვემდებარებულ მეთაურებზე და გასცა ბრძანება, მეთოფეებს აეღოთ თოფები და დაეწყოთ გაზის გასროლა.
იგი უთითებს, რომ შეიტყო, რომ ზოგმა მეთოფემ საკუთარი ინიციატივით გამოიყენა რეზინის ჭურვები, მაგრამ არ ახსოვს თუ ვისგან გაიგო ეს ინფორმაცია. უთითებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუცია. პირადად რეზინის ჭურვების გასროლას არ შესწრებია, თუმცა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მეთოფეებმა რეზინის ჭურვები ისროლეს კანონის შესაბამისად, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. იგი აცხადებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენების შესახებ მალევე აცნობა მინისტრს და მოადგილეებს, თუმცა პირადად გადასცა ეს ინფორმაცია ხელმძღვანელებს თუ რაციით, ასევე არ ახსოვს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
რეზინის ტყვიების გამოყენება
მინისტრი, მისი მოადგილეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ჩვენებაში უთითებენ, რომ საიდუმლო გეგმა ითვალისწინებდა მათ შორის, გაზის ჭურვებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, დეპარტამენტის დირექტორმა, სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითების შესაბამისად, დანაყოფების მეთაურებს პირადი შემადგენლობისთვის შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარების მითითება მისცა…
მინისტრისა და მისი ზემოხსენებული მოადგილეების ჩვენებების თანახმად, აქტიური საშუალებების გამოყენება პოლიციამ დაახლოებით 00:00 საათისთვის დაიწყო. ისინი უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებითა და თანხმობით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ. მინისტრის ჩვენების თანახმად, ცრემლსადენი აირის გამოყენების შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთში მიიღო.
სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების შესწავლიდან ირკვევა, რომ მინისტრს ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის აქციის დაშლის მიმდინარეობისას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუციათ.
რაციების ჩანაწერიდან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მინისტრის თანხმობით, მინისტრის მოადგილეებისაგან მიიღო მხოლოდ ცრემლსადენი აირის გამოყენების ბრძანება, რაც მან ჩაშალა მის დაქვემდებარებულ პირებზე, გასცა თოფების აღებისა და აირის ჭურვის გასროლის ბრძანება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რაციის შინაარსის ავთენტურობის და მისი შეცვლის/მოდიფიცირების ეჭვის გამორიცხვის მიზნით, 2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ექსპერტიზის ჩატარების წინადადებით. ქვემოთ წარმოდგენილი მსჯელობა ეფუძნება რაციის ჩანაწერების საქმეში არსებულ ვერსიას და სამომავლოდ მათი ავთენტურობის პრობლემურობის შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებებიც შეიძლება შეიცვალოს შესაბამისად.
რაციების ჩანაწერების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული
კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ.
რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გასასროლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე კურატორი ხელმძღვანელისგან – კახაბერ საბანაძისგან – უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოების ხელმძღვანელების ჩვენებების მიხედვით, რაციით გავრცელდა დეპარტამენტის უფროსის ბრძანება, რომ მეთოფეებს აეღოთ არალეტალური თოფები და გამოეყენებინათ ცრემლსადენი გაზი, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაცემულა და თანამშრომლებმა ინდივიდუალურად გამოიყენეს სიტუაციის შესაბამისად. დეპარტამენტის მეთოფეები ასევე ადასტურებენ, რომ მათ ბრძანება მიიღეს მხოლოდ ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე, ხოლო რეზინის ტყვიები ინდივიდუალურად, საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის ბრძანების გარეშე გამოიყენეს.
მეთოფეები ასევე აღნიშნავენ, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს იქვე მყოფი მეთაურები აფასებდნენ სიტუაციას, თუმცა, მათთვის რეზინის ტყვიების გამოყენების ან გამოყენების შეწყვეტის მითითება არ გაუციათ. საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გადაწყვეტილება მიიღო ან ღონისძიება გაატარა მის დაქვემდებარებაში მყოფი მეთოფეების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებების შეწყვეტის/აღკვეთის მიზნით.
შესაბამისად, საქმის მასალები მიუთითებს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს (მინისტრსა და მის მოადგილეებს) არ გაუციათ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. მინისტრისა და მისი მოადგილეების რაციის ჩანაწერებიდან (რომელიც საქმეში დევს) ირკვევა, რომ მათ კატეგორიულად გამორიცხეს რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებმა, რომელთაც სამსახურებრივადაც და ადგილზეც დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა, გაისროლეს დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია, ხოლო დეპარტამენტის დირექტორს აღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად არავითარი საშუალებისთვის არ მიუმართავს. ამასთან, იგი ვალდებული იყო, შეესრულებინა საკუთარი უშუალო ხელმძღვანელების – მინისტრისა და კურატორი მოადგილის ბრძანებები.
თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა, თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს. მიუხედავად ამისა არანაირი ღონისძიებისთვის არ მიუმართავთ, რომ მათი გაცემული ბრძანება შესრულებულიყო, მითუმეტეს, რეზინის ტყვიების გამოყენება არ იყო ერთჯერადი და ხანმოკლე ვადით. თუმცა, საგულისხმოა, რომ მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება (პირადი ვერბალური კომუნიკაცია, რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და სხვა) გამოძიებას დადგენილი არ აქვს, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (გარდა გდდ-ს დირექტორის ზოგადი მითითებისა ხელმძღვანელობის ინფორმირების შესახებ) ამ გარემოებას არ ადასტურებს.
ანგარიშში ასეე აღნიშნულია, რომგანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ მოქალაქეთა ჯგუფი მათ ართმევდა ფარებს, ხელკეტებს, რობოკოპის აღჭურვილობას, ესროდა სხვადასხვა ნივთებს, იტაცებდა მწყობრიდან და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 22:00-24:00 საათამდე, სამინისტროს ხელმძღვანელობისგან მიღებული ბრძანების შესაბამისად, ისინი საკუთარ თავსა და შენობას მხოლოდ პასიური სპეციალური საშუალებებით (ფარი, ჩაფხუტი, რობოკოპი, ხელკეტი) იცავდნენ და მათზე თავდასხმის მიუხედავად, არ განაცალკევეს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან აღნიშნული ჯგუფი და არ აღკვეთეს მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.