„საქნახშირის“ განცხადებით, მეშახტეებთან შეთანხმებას მიაღწიეს

პუბლიკა

„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა და ხელშეკრულება გაფორმდა – ამის შესახებ გნაცხადებას კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება.

„შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე კომპანია 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები. გადაწყვეტილების პროცესში თითოეული მეშახტე იყო ჩართული. მოგვიანებით, მათთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც დეტალურად არის გაწერილი პირობები და როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები. 11 თებერვალს, N4 უბნის თანამშრომლებმა დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს, რაც მათ მიერ გეგმის შეუსრულებლობით იყო გამოწვეული (იანვრის თვეში მათ გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს რაც დღიურად 48 ლარს უდრიდა).

ამ მომენტისთვის, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც N4 უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის – 10 დღის განმავლობაში მოხდება ყველა დოკუმენტის შესწავლა, გამოკვლეული იქნება გეგმის შესრულების შემაფერხებელი ფაქტორები, ავარიული, გეოლოგიური მდგომარეობა (მეშახტეების მიერ დასახელებული მიზეზები) და გაკეთდება დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდება. „საქნახშირისთვის“ მნიშვნელოვანია N4 უბნის თანამშრომლების ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში. შრომის დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა შეფასებული იქნება შრომის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაც და დასაქმებულებიც ორიენტირებულები იყვნენ პასუხისმგებლობების შესრულებაზე, მუშაობაზე და თანამშრომლობაზე. ეს კი, რა თმა უნდა, საწარმოს შეუფერხებელ ფუნქციობას და მეშახტეების მიერ მეტი ანაზღაურების გამომუშავებას გამოიწვევს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


10 თებერვლიდან ტყიბულში მდებარე ძიძიგურის სახელობის შახტს 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად არ ტოვებდა. როგორც ადგილობრივი მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე „პუბლიკასთან“ თქვა, მათ კომპანიამ ხელფასები გეგმის შეუსრულებლობის გამო გაუნახევრა. მისივე თქმით, გეგმის შეუსრულებლობა დასაქმებულთა ბრალი არ არის, რადგან მეშახტეები დაკისრებულ დავალებებს 100%-ით ასრულებდნენ.

ტყიბულში მეშახტეების 33-საათიანი პროტესტი სამასი მეტრი სიღრმის შახტში მას შემდეგ შეწყდა, რაც ტყიბულის დეპუტატი ბეჟან წაქაძე დაჰპირდა მეშახტეებს კომპანიასთან საკითხის მოგვარებას.