მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვის“ აპრილის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა შოკმა სასაქონლო პოზიციების უმეტესობაზე ფასების ვარდნა განაპირობა და 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვნად დაბალი ფასების დაფიქსირება.
ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მოულოდნელმა გაჩერებამ ყველაზე დიდი გავლენა ენერგომატარებლებისა და ლითონების ფასზე იქონია და მოსალოდნელია სერიოზული გლობალური რეცესია. ტრანსპორტთან დაკავშირებული საქონლის, მათ შორის, ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა.
„წარმოუდგენელ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, პანდემიის ეკონომიკური გავლენა შეამცირებს მოთხოვნას და შეაფერხებს მიწოდებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ამ საქონელზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებზე“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე -პრეზიდენტმა ჯეილა პაზარბაშიოღლუმ. მისივე თქმით: „პოლიტიკის შემმუშავებლებმა არ უნდა დაუშვან სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მძიმე ღარიბი ფენისთვის აღმოჩნდება.“
ანალიზის თანახმად, შესწავლილ იქნა COVID-19 პანდემიის ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე. შერბილების ღონისძიებებს, ვირუსის კონტროლის მიზნით, შედეგად მოჰყვა ნავთობზე მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნა. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას შეუძლია სხვა საქონლის მოხმარების ცვლილების და წარმოების შემცირების გამოწვევა და ასევე, სურსათით უზრუნველყოფისთვის საფრთხის შექმნა. პანდემიას აქვს სასაქონლო მოთხოვნაზე და მიწოდებაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზემოქმედების პოტენციალი.
ნავთობის ფასების კლება პოლიტიკის შემმუშავებლებს განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში ენერგოსუბსიდიების რეფორმების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ამ რეფორმებს შეუძლია თავისუფალი ხარჯვის ხელშეწყობა პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ენერგორესურსების არაგონივრული მოხმარების შეწყვეტა და ხარჯების გადანაწილება მოსახლეობის ღარიბი ფენის დასახმარებლ პროგრამებზე.