საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 %-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 %-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 %-ით);
- მშენებლობა – 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 %-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8 %-ით).
2024 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კი გურია, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ეკონომისტები ამბობენ, რომ საშუალო მაჩვენებელი რეალურ სურათს არ ასახავს და ხელფასის ყველაზე რეალური საზომი მედიანური მაჩვენებელია.
მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.