2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა 5.3 ათასი ადამიანით (0.6%) და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13.5 ათასით შემცირდა (3.0%) და 434.7 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 10.8 ათასით (4.7%) და 239.4 ათასი შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით და 46.8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატი წერს, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.8 პროცენტს და 45.3 პროცენტს შეადგენს.
2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.8 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით.
საქსტატი წერს, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ქალებში, ხოლო კაცებში – 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.6 პროცენტს და 17.0 პროცენტს შეადგენს.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.4 პროცენტული პუნქტით.