საქსტატი: 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 14.3% შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, არსებული მდგომარეობით, ქალაქებში უმუშევრობის დონე 16.3%-ია, ხოლო სოფლად 11.2%.

რაც შეეხება სქესის მიხედვით განაწილებას, საქსტატის მონაცემებით,  უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაიზარდა 1.3%-ით ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12.2%-ს და 15.9%-ს შეადგენს.