საქსტატი: 2025 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2 271.6 ლარი გახდა

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობითვე, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6 პროცენტით).

ამ წლის მე-3 კვარტალშიც, ქალების საშუალო ხელფასი კაცებისაზე ნაკლები იყო – ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კი კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2025 წლის III კვარტალში:

  • ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით (10.5%) და 2 420.9 ლარი შეადგინა;
  • არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით (10.3%) გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქალაქი თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.