საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 913.2 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის პირველ კვარტალში 3.1 პროცენტით განისაზღვრა.
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8 პროცენტი), განათლება (29.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.0%), მშენებლობა (10.3%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6%), სხვა სახის მომსახურება (-11.2%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-1.8%).
საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.1%). შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (9.2%), სახელმწიფო მმართველობა (8.3%), მშენებლობა (7.5%), განათლება (6.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.0%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.9%).