წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის განმარტებით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.
2024 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4%-ია. რეინვესტიცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6%-ით შემცირდა და 358.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა ნიდერლანდები – 60.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა – 58.3 მლნ. აშშ დოლარით (29.5%), ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო – 55.0 მლნ. აშშ დოლარით (27.8%).
რაც შეეხება ინვესტიციებს სექტორების მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2%-ია, მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი – 43.0 მლნ. აშშ დოლარით (21.8%), ხოლო მესამეზეა ვაჭრობის სექტორი 32.1 მლნ. აშშ დოლარით (16.2%).