საქსტატი: საქართველოში შობადობა მცირდება — 2024 წელს ცოცხლად დაიბადა 39 483 ბავშვი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წელს, საქართველოში ცოცხლად 39 483 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა.

საქსტატის ცნობით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8%-ით.

საქსტატისვე თანახმად, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს.

  • 2016 წელს ქვეყანაში ცოცხლად დაიბადა 56 569 ბავშვი;
  • 2017 წელს – 53 293 ბავშვი;
  • 2018 წელს – 51 138 ბავშვი;
  • 2019 წელს – 48 296 ბავშვი;
  • 2020 წელს – 46 520 ბავშვი;
  • 2021 წელს – 45 946 ბავშვი;
  • 2022 წელს – 42 301 ბავშვი;
  • 2023 წელს – 40 214 ბავშვი.

2024 წელს, ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში – 14 415 ბავშვი, ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 237 ბავშვი.

2024 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხვში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 24.6 პროცენტიდან 23.2 პროცენტამდე შემცირდა;

25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 69.5 პროცენტი.

ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 6.0 პროცენტიდან 7.3 პროცენტამდე გაიზარდა.

რაც შეეხება გარდაცვალებას — 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ადამიანი შეადგინა.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იყო თბილისში (12 492 ადამიანი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (533 ადამიანი).

საქსტატი მიუთითებს, რომ 2024 წელს, საქართველოში იყო უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 488 ერთეულით განისაზღვრა.

ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

რაც შეეხება ქორწინებას – 2024 წელს, რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.9 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელს.

2024 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 520 ერთეული შეადგინა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.