სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო ვაჭრობის შესახებ 2025 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1% შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების სამეული ასეთია: ყირგიზეთი (298.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ. აშშ დოლარი).
მეოთხე ადგილზეა რუსეთი – 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ 642.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, რუსეთში ექსპორტი წელს 19.2%-ით შემცირდა და 129.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 11.8%-ით 512.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2% შეადგინა.
პირველ სამეულში შედის: აშშ (654.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (587.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (512.9 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- სპირტიანი სასმელები – 29.2 მლნ აშშ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 27.5 მლნ აშშ დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – 19.9 მლნ აშშ დოლარი;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 10.5 მლნ აშშ დოლარი;
- კარტოფილი, ახალი ან შეყინული – 10.1 მლნ აშშ დოლარი;
- დანარჩენი საქონელი – სულ 32.4 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 156.1 მლნ აშშ დოლარი;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 108.8 მლნ აშშ დოლარი;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 18.8 მლნ აშშ დოლარი;
- მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება – 13.6 მლნ აშშ დოლარი;
- ხორბალი და მესლინი – 10.6 მლნ აშშ დოლარი;
- დანარჩენი საქონელი – სულ 204.7 მლნ აშშ დოლარი.