საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა იქნება შესაძლებელი

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა იქნება შესაძლებელი.

მოქმედი კანონმდებლობით, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით. „ქართული ოცნების“ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით კი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონიდან სწორედ ამ ნორმის (მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი) ამოღება ხდება.

კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ „მოქმედი კანონი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით“.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე

პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დღეს სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძეა, რომელიც სამსახურს 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს.

აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით.

გოგიტა თოდრაძე თანამდებობაზე მეორედ 2022 წლის მაისში დაამტკიცეს და 4-წლიანი ვადა 2026 წლის მაისში ეწურება.


კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან „ოცნების“ პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი,  გიორგი ბარვენაშვილი და თორნიკე ბერეკაშვილი.