სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.4%-ით შემცირდა და 9.4% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6%-ით შემცირდა და 7.8% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7%-ით შემცირდა და 11.9%-ს გაუტოლდა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 12.1% შეადგინა, 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 9.3%, ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 6.7%.
საქსტატი წერს, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, შემცირებულია და, შესაბამისად, 9%-ს და 9.8%-ს შეადგენს.