საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2170 ლარამდე გაიზარდა

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და 2170 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4163.0 ლარი (გაიზარდა 5.2%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2975.7 ლარი (გაიზარდა 11.3%-ით);
  • მშენებლობა – 2908.9 ლარი (გაიზარდა 10.8%-ით).

2025 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1744.2 ლარი, ხოლო კაცების – 2601.3 ლარი იყო.

როგორც საქსტატი წერს, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 258.0 ლარი (11.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა მთიანეთი.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ეკონომისტები ამბობენ, რომ საშუალო მაჩვენებელი რეალურ სურათს არ ასახავს და ხელფასის ყველაზე რეალური საზომი მედიანური მაჩვენებელია.

მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.