საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 914 000-ია

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 000 (53%) ქალია, ხოლო 1 836 000 (47%) – კაცი.

საქსტატის ცნობით, მოსახლეობის 62% ცხოვრობს ქალაქში, ხოლო 38% – სოფლად.

თბილისში მოსახლეობის 34% ცხოვრობს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9% და 11.2%.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის ცნობით, რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).

„მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც”, – აღნიშნავს საქსტატი.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

აღწერის საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.