საქსტატზე ხშირად სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად არაა სახარბიელო ვითარება - თურნავა

პუბლიკა

„საქსტატის ვებგვერდზე უფრო ხშირად, სხვადასხვა მაღაზიაში და სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად ვეთანხმები, რომ არ არის ბოლო პერიოდში სახარბიელო ვითარება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ღამის კურიერში განაცხადა.

თურნავას შეფასებით, პროდუქტების ფასის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

„ზეთი არის თემა, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ძირითადად თუ დააკვირდებით, რამდენიმე რამე დაემთხვა ერთმანეთს, იმპორტულ ნაწარმზე ფასები გაიზარდა, ეს ლარის კურსთან არის დაკავშირებული. მეორე, სეზონური ფაქტორია, უნდა ითქვას ჩვენი სოფლის მეურნეობის და ამ ინდუსტრიის სასახელოდ, რომ ძირითადად ბოსტნეული, ხილი, კენკრა ჩვენ 100%-ით ვართ უზრუნველყოფილები, მაგრამ ახლა სეზონი არის, როდესაც თავდება იმპორტული, უნდა შემოვიდეს ადგილობრივი, ზოგადად ყოველთვის არის ამ დროს გაძვირებული ამ ტიპის ნაწარმი, ეს დროებითი ფაქტორია“, – განაცხადა თურნავამ.