„ვაჩუქოთ სამედიცინო აღჭურვილობა გალელ ექიმებს აფხაზეთში”, – პლატფორმა fundraiser.ge კორონავირუსთან დაკავშირებით გალში ექიმებისთვის საჭირო აღჭურვილობისთვის თანხას აგროვებს. პლატფორმის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ სასურველი ღირებულების პაკეტი და ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში. აქციაში მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე;
„კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აფხაზეთის ქალაქ გალში სიტუაცია ძალიან მძიმეა, ის ორმხრივად არის ჩაკეტილი, გამოცხადებულია კომენდანტის საათი, ჩაკეტილია ენგურის ხიდიც, ხოლო მას შემდეგ, რაც სოფელ საბერიოში მოსკოვიდან ჩამოსულ ქალს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზი დაუსვეს, გალი ჩაიკეტა ერწყალთან, ოჩამჩირის მიმართულებითაც.
ექიმები გალში ვერ არიან ისე მშვიდად, როგორც დანარჩენ საქართველოში. გალის საავადმყოფოს დაახლოებოთ 130-კაციანი პერსონალი ჰყავს, მაგრამ საავადმყოფოს არა აქვს საკმარისი აღჭურვილობა. არც პირბადეები, არც სადეზინფექციო ხსნარები, არც ხელთათმანები. გალში ხალხს მეტი ინფორმაცია სჭირდება. მათთვის უბრალო განცხადებებიც, რომ საქართველოდან მათზე იზრუნებენ, მნიშვნელოვანია.
შეგროვებული თანხით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ვიყიდოთ საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გალელი ექიმებისთვის და დავფაროთ ტრანსპორტირების ხარჯები.
– როგორ შევიტანთ? – არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც ამ რეგიონში ხშირად ახორციელებენ პროექტებს, მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ მოვამარაგოთ გალელი ექიმები.
შესასყიდი აღჭურვილობა:
- ნიღაბი-რესპირატორი – 100 ცალი;
- პირბადე – 400 ცალი;
- ერთჯერადი ხელთათმანი ნიტრილის M, L, XL – 400 ცალი;
- სამედიცინო სამკლაური 40 სმ/16 მკ, ერთჯერადი წყალგაუმტარი, მყარი მასალის – 400 ცალი;
- სტერილური ხალათი, წყალგაუმტარი – 150 ცალი;
- სამედიცინო ქუდი ერთჯერადი (სტრიპი) – 400 ცალი;
- კომბინიზონი ბიო-ქიმიური მაღალი დაცვით – 30 ცალი;
- ხელის დეზინფექტანტი 70%-იანი სპირტის ფუძეზე დამზადებული, მოქმედების ფართო სპექტრი (ბაქტერიოციდული, ვიროციდული, ფუნგიციდური, სპოროციდული, მიკობაქტერიოციდული) – რაოდენობა 250 ლიტრი;
- სახის ფარი – 250 ცალი”, – აცხადებენ ორგანიზატორი.