აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში შპს „სარაგბო კლუბ ბათუმში“ დასაქმებული იყო 3 მასაჟისტი. მათივე თქმით, ირკვევა, რომ 2 ფიზიკური პირის მიერ, მასაჟისტის პოზიციით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ დასტურდება და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.
„ აღნიშნულ პირობებში, საზოგადოების მიერ აუდიტის პერიოდში გაცემულია შრომის ანაზღაურების სახით 8,250 ლარი“, – წერია აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
აღნიშნულ შპს-სთან მიმართებით აუდიტის ანგარიშში წერია რომ: „თანამშრომელთა მივლინებისათვის, თანხები დადგენილ ნორმებზე მეტი ოდენობითაა გახარჯული
სპორტსმენებზე მიმწოდებლის მიერ მომსახურების ფაქტობრივად გაწევა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. შედეგად, მიმწოდებელს თანხა მიღებული აქვს ისეთ მომსახურებაზე, რომელიც შესაძლოა არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოება შპს-ის მიერ ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკზე მიუთითებს;
შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მიერ სპორტსმენებისთვის ბინის დაქირავება, რიგ შემთხვევაში, განხორციელებულია საჭიროების დასაბუთების გარეშე, არაერთგვაროვანი მიდგომით და საბაზრო ფასებთან შეუსაბამოდ. შედეგად, შესაძლოა, შპს-ის მიერ ფულადი სახსრები არარაციონალურად დაიხარჯა;
შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენთა საჭიროებისათვის კვების პროდუქტების შეძენა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. ამასთანავე, გასვლითი კალენდარული მატჩის ჩატარებისათვის, გუნდის უცხოეთში მგზავრობის მომსახურების შესყიდვა, ნაცვლად ელექტრონული ტენდერისა, განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხაზე სრულად არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები“,- წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.