სარალიძე: ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება

პუბლიკა

„არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება“, – წერს მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე facebook-გვერდზე. 

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანებისა თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!
ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგან, უსაფუძვლო ბრალდებები!

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა.

ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!”, – წერს სარალიძე.


საპროკურორო საბჭოს გენპროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

საპროკურორო საბჭოს განცხადებით, ამ დროისთვის გენერალური პროკურორობის 9 კანდიდატია წარდგენილი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. შემდეგ კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.