სარჩელების 99% უბნების გადათვლასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა – კაპანაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სარჩელების 99%, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს, უბნების გადათვლასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ იმ უბნების გადათვლაზე, სადაც მკაფიოდ იყო  დისბალანსი და არსებობდა ე.წ კარუსელების ეჭვი, საოლქო კომისიებმა უარი თქვეს. კაპანაძის თქმით, ის იურიდიული გზა, რომელიც ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს, დღეს დაიხურა და სასამართლომ 99%-ში არ დააკმაყოფილა არც პოლიტიკური პარტიების და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში სასამართლოებმა დაამთავრეს განხილვა იმ საჩივრების, რომლებიც შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ 99% ამ სარჩელების არ დაკმაყოფილდა.

ანუ, რეალურად, ის იურიდიული გზა, რომელიც კანონშია გათვალისწინებული და რომელიც აირჩია „ევროპულმა საქართველომ“ და, ასევე, სხვა ოპოზიურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პრაქტიკულად, დამთავრდა წარუმატებლად. გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში იმ უბნებზე, სადაც გვქონდა სრული საფუძველი, გვევარაუდა, რომ ან ბიულეტენები აკლდა, ან  ზედმატად ჩაყრილი, სადაც არ ბალანსდებოდა ოქმები, რომ იქ ყოფილიყო გადათვლა ან გაუქმება, თითქმის ყველგან გვითხრეს უარი“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი უბანია, სადაც ზედმეტია ათეულობით ხელმოწერა. მისი შეფასებით, ამ უბნებში აშკარაა, რომ ორი რამ ხდებოდა – ან იყო კარუსელები, როდესაც ცარიელი ბიულეტენები გაჰქონდათ, ან უბრალოდ ხმები, რომლებიც მიიღო რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, არის დაკლებული და ამიტომაა ამხელა სხვაობა.

„ამ ყველა უბნის გადათვლაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი და სასამართლო ამ შემთხვევაში ხელისუფლების გაგრძელებას წარმოადგენს ამ საქმეში, რომ სიმართლე დადგენილიყო ლეგალური გზით.

ჩვენ, ასევე, გვაქვს შემთხვევა 73-ე უბანზე, საბურთალოზე, სადაც მოვითხოვეთ გადათვლა. საუბნო კომისიამ გვითხრა უარი, შემდეგ სასამართლომ საჩვენებლად დააკმაყოფილა გადათვლის მოთხოვნა და როდესაც გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ „ევროპულ საქართველოს“ 35 ბიულეტენი იყო სხვა პარტიაზე დამატებული.

პრაქტიკულად, ეს იურიდიული პროცესი დასრულდა გუშინ, დღეს საოლქოები შეაჯამებენ ოლქებს, ევროპული საქართველო არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს ამ შემაჯამებელ ოქმებს და მათაც გაასაჩივრებს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის იურიდიული გზა, რომელიც აქამდე არსებობდა, პრაქტიკულად, დღეს დაიხურა და სასამართლოებმა 99%-ში არ დააკმაყოფილა არც პოლიტიკური ძალების და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ უბნები ყოფილიყო ან გახსნილი, ან გადათვლილი.“ – განაცხადა კაპაანაძემ.