სარჩელი შეტანილია პარლამენტის წინააღმდეგ და არა საპატრიარქოს - ლომჯარია

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატების შეკითხვებს საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ვრცელი პასუხი გასცა.

ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ სასამართლოში მათი მოპასუხე პარლამენტია და არა ეკლესია, ხოლო საჩივრდება ნორმა, რომელიც, ომბუდსმენის თქმით, არღვევს რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანასწორობის პრინციპს.

ლომჯარიასვე თქმით, სახალხო დამცველს აქვს კანონიერი უფლება, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მაშინაც კი, როცა საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, თუმცა ირღვევა ადამიანის უფლებები.

„ისე წარმოაჩინეს დეპუტატებმა, თითქოსდა სახალხო დამცველი ამ სარჩელით ებრძვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასევე განვმარტავ, არასწორად ითქვა, რომ სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია, იმიტომ რომ სარჩელი შეტანილი იქნა პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ამ საქმეში მოპასუხე არის პარლამენტი.

პატივცემულო დეპუტატებო, განგიმარტავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინ აქვს ანალოგიურ საქმეებზე ორი გადაწყვეტილება მიღებული, ორივე სარჩელი დააკმაყოფილა და საკონსტიტუციომ თავისი  პრაქტიკით უკვე თქვა, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომელიც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს უპირატესობას და პრივილეგიებს საგადასახადო თუ პრივატიზების მიმართულებით და ამ შესაძლებლობით სარგებლობა არ შეუძლია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, ეს არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, სასამართლომ რამდენიმე ნორმის მოქმედება გააჩინა, ეს არ არის პირველი შემთხვევა.

რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული მაგალითი მოვიყვანეთ და თითქოს დაზარალებული საქმეში არ არსებობს – სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად აქვს უნიკალური მანდატი, რომ საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ არსებობს დაზარალებული. ჩვენ შეგვიძლია, ნორმატიული აქტი გავასაჩივროთ, თუკი მიგვაჩნია რომ ეს ნორმატიული აქტი არღვევს ადამიანის უფლებებს.

ეს არის რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობის საკითხი, რაც აწუხებს ბევრ ორგანიზაციას. არის საკითხები, რაზეც არიან დაზარალებულები, უნდათ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა, მაგრამ ჩვენ გვთხოვენ, გავაკეთოთ ეს, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ თავდასხმის, დისკრედიტაციის… რაც შეიძლება მოჰყვეს ისეთი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას, რაც შეიძლება არ იყოს მაგალითად მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესში.

სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, გვაქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ წავიღოთ საქმე საკონსტიტუციოში, თუ მიგვაჩნია, რომ ირღვევა ადამიანის უფლება.

ამ შემთხვევაში მივიჩნიეთ, რომ ირღვეოდა თანასწორობა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, მისმა კაბინეტმა იმაზე მეტი საკონსტიტუციო სასჯელი მოამზადა, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ინსტიტუტს მოუმზადებია.

მისი შეფასებით, უცნაურია, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ახლა დაიწყო ამ სარჩელის განხილვა, როცა მანამდე წარდგენილი ათობით საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

„ერთი მხრივ, გამიხარდა, როცა პარლამენტი ასე ყურადღებით აკვირდება ჩვენ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელებს და მათ შორის განხილვის პროცესზე ასე დეტალურადაა ინფორმირებული, თუმცა უცნაურია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახან დაიწყო ამ სარჩელის განხილვა, მაშინ, როდესაც ათობით სარჩელი გვაქვს წარდგენილი გაცილებით უფრო ადრე და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც, უფლებადარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მაგრამ რატომღაც ამ სარჩელების განხილვა არ დაწყებულა. საზოგადოებას შეუძლია, დასკვნები გამოიტანოს ამ ყველაფრიდან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა ნინო ლომჯარიას საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ჰკითხა.

უმრავლესობის წევრები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ, რომ ამ სარჩელით სახალხო დამცველი მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს და რომ საქმეში სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს.

„რას ერჩით ეკლესიას” – უმრავლესობის დეპუტატების „მესიჯბოქსი” ომბუდსმენის მიმართ