სარჩელის შეტანიდან 2 წლის შემდეგ, ხვალ ბათუმის სასამართლოში ნათია კაპანაძის საქმეზე სხდომა ჩაინიშნა

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2021 წლის 25 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე პროცესი ჩანიშნა. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. საია წერს, რომ უნდობლობის გამოცხადებამ გააჩინა განცდა, რომ მიღებული სადავო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. ხოლო მაუწყებელში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა ეს ეჭვები დაადასტურა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს, 2021 წლის 30 აპრილს, სარჩელის შეტანიდან 2 წლის გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდებოდა და მოუწოდა სასამართლოს, სხდომა ჩაენიშნა.