„პალიტრა მედია“ სიცურეს უწოდებს ერთ-ერთი ვებგვერდის მიერ 27 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მედიაჰოლდინგს „კეზერაშვილი აფინანსებს“.
დღეს, 28 მარტს კი „პალიტრას“ შესახებ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თუ რას ინფორმაციას ფლობს კეზერაშვილისა და „პალიტრა მედიის“ კავშირზე.
„მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ან შეიძლება მქონდეს და დეტალებში ვერ შევალ, არ მინდა ზოგადი ინფორმაცია გავუზიარო ვინმეს. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას – ფორმულას, გახდა ერთგვარი ფორმულა-2.
ეს არის ჩემი დაკვირვება, დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, როგორ გადაფორმდა საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ამ ტელევიზიის მესაკუთრეები, ამ დეტალებში მე ვერ შევალ, მაგრამ რეალურად ეს ტელევიზია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია“, – უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
მედიაჰოლდინგი, რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და ონლაინგამოცემას აერთიანებს, აცხადებს, რომ კეზერაშვილის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები.
„პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ“, – აცხადებს „პალიტრა მედია“.
მედიაჰოლდინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პალიტრა მედიის“ ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ყველა შემოსავალი და ხარჯი გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
„პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან.