სარჯველაძე: აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა, ერთის მდგომარეობა საყურადღებოა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხელ სარჯველაძის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა და ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობენ.

სარჯველაძის თქმით, ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზი გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე 9-სართულიან კორპუსში აფეთქება გვიან ღამით მოხდა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 4 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი კაცია.