„თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია, უბრალოდ, არც დაიჯერებს არავინ” – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
„მე უშუალოდ არ შევსწრებივარ ამას, მაგრამ გაკეთდა კომენტარები და აიხსნა, რომ იქ ადგილი ჰქონდა რაღაც ისეთ პროვოკაციას, რომლის სიტყვებსაც მე ნამდვილად ვერ გავიმეორებ. შეიძლება ამ დროს ადამიანმა ვერ მოითმინოს და მოხდეს კონფლიქტი.
როგორც ჩანს, ამასთან გვქონდა საქმე.
ცუდია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ინციდენტია, რთულია როცა საქმე გვაქვს ასეთი ტიპის პროვოკაციებთან და შემდეგ ბუნებრივია, რომ ამას ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ადამიანური ფაქტორია ეს, ბუნებრივია.
ძალადობაზე როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, ზოგადად თავშეკავება ჯობია, არის ხოლმე, როცა შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი. თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია უბრალოდ არც დაიჯერებს არავინ.
ასე ნუ წარმოვაჩენთ, რომ მივარდნენ ადამიანები და იძალადეს მასზე, რა პროვოცირებს ეს უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტი, რაც მოხდა დანარჩენი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, ეს არის და ეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინციდენტი აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა.
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. ოხანაშვილის თქმით, წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.