სარჯველაძე: ძველი პირადობების მქონეებისთვის პენსიები 1 თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ისევ ძველ, ქაღალდის პირადობის მოწმობებს ფლობენ, 1 თვის განავლობაში დაუბრკოლებლად მიიღებენ პენსიას და სხვადასხვა ტიპის სოციალურ შემწეობას.

ამ დროის განმავლობაში მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს და აიღონ ახალი მოწმობები.

ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეუცვლიათ, მაღალია.

დღეიდან, 1 ივლისიდან ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ, ე.წ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს.

ახალ პირადობის მოწმობებზე მათი გადაცვლა უფასოა.

„იმისთვის, რათა დაბრკოლება არ შეექმნას ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას.

ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოციალური გასაცემლების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში.

თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება”. – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.