ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე უარყოფს ონკოპაციენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ უყვირა. სარჯველაძე ირწმუნება, რომ პაციენტებთან კომუნიკაციის ფორმა არასდროს შეშლია.
„ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი, ეს არის მთავარი რამ, რაზეც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს და ვინც მიცნობს, ისედაც იცის, რომ არცერთ პაციენტთან კომუნიკაციის და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება ამიერიდან. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მინდა, რომ ყველა პაციენტმა კარგად იცოდეს, ვმუშაობ, რომ არცერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი, ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა”, – განაცხადა მან.
9 აპრილს, ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში მიიღო.
როგორც „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე „პუბლიკას” ეუბნება, მინისტრმა შეხვედრაზე ონკოპაციენტებს უყვირა.
მისი თქმით, მინისტრი „წყობილებიდან გამოვიდა და ყვირილი დაიწყო” ერთ-ერთი ონკოპაციენტის მხრიდან დასმული შეკითხვის შემდეგ.
რას მოითხოვენ ოკოპაციენტები?
ონკოპაციენტები კვლევებისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, კვლევებისთვის [ სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია, სხვადასხვა გამოკვლევა] გამოყოფილი ეს ლიმიტი რიგ შემთხვევებში არასაკმარისია, ვინაიდან თითოეულ ონკოპაციენტს სხვადასხვა სახის მიდგომა და მკურნალობის სტრატეგია სჭირდება. შესაბამისად, მათი თქმით, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისი მხარდაჭერა.
რაც შეეხება მედიკამენტებს, პაციენტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გატანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, ეს მათ პრობლემას არ აგვარებს, ვინაიდან: მათი განმარტებით, პროგრამა ანაზღაურებს მხოლოდ კონკრეტული ჩამონათვალის მედიკამენტებს, მაშინ როცა, სათანადო მკურნალობისთვის, ისეთი მედიკამენტებიც სჭირდებათ, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს.
პაციენტები საუბრობენ იმაზეც, რომ რიგ მედიკამენტებზე დეფიციტია შექმნილი და აფთიაქებში მის ყიდვას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი გახდეს ხელმისაწვდომი და გაიზარდოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს.