პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კითხვები, ძირითადად, ომბუდსმენის კანდიდატურების შესაფასებლად შექმნილი კომისიის დაკომპლექტების კრიტერიუმებს შეეხებოდა.
შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ომბუდსმენობის მსურველი პირები პირველ რიგში ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადს აგზავნიან პარლამენტში, ამ განაცხადებს შეაფასებს 9-კაციანი კომისია, რომელიც, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ ჯგუფის ფუნქციასთან დაკავშირებით დაისვა. როგორ შეაფასებენ, დაბლოკავენ თუ არა ვაკანტურ თანამდებობაზე შეტანილ განაცხადებს და ა.შ. სარჯველაძის თქმით, კომისია უბრალოდ შეაფასებს კანდიდატურებს და არ შეადგენს ე.წ. შორთ ლისტს. სარჯველაძის თქმით, მათი პრეფერენციები გასათვალისწინებლად სავალდებულო არ იქნება.
„მათი შეფასება სავალდებულო გასათვალისწინებელი არ იქნება თქვენთვის, მაგრამ ვინმესთვის შეიძლება მხედველობაში მისაღები იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
9-კაციანი კომისიის შეფასებების შემდეგ პარლამენტს ომბუდსმენის კანდიდატურებს წარუდგენს სხვადასხვა ჯგუფი. შეკითხვები ამ 9-კაციანი კომისიის დაკომპლექტების წესზეც დაისვა. სარჯველაძის თქმით, კომისიის ფორმირების წესთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა ჯერ ცნობილი არაა, თუ როგორ დაკომპლექტდება ეს 9-კაციანი ჯგუფი.
„კომისიის ფორმირების კრიტერიუმებზე არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ არასამთავრო სექტორის წევრების დასახელების უფლება. მაგრამ, თუ საკითხს შევხედავთ ამგვარად, რომ მერე იმ წუთასვე გახდებიან ეს არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები ასოცირებულნი კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ეს ნიშნავს, რომ არავითარი მიუკერძოებლობის სტანდარტი აღარ იარსებს და ეს არის ცუდი რამ. მეორე ვარიანტია მხედველობაში ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა კვოტები – პროფესიული წრეები, აკადემიური წრიდან, ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს ჩემი აზრით. მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულადაც წარმომადგენლობითი იყოს. როგორ უნდა დაკომპლექტდეს ეს წინასწარ ცნობილი არაა. კონსულტაციის გავლა საჭირო იქნება.“ – განაცხადა სარჯველაძემ.