სარჯველაძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე: ცალსახა ლიდერი ძნელად გამოკვეთადი იქნება

პუბლიკა

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სულ 17 კანდიდატს მოუსმინეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გასაუბრებების დასრულების შემდეგ განაცხადა, ორშაბათს კომიტეტი კანდიდატების შეფასების პროექტს წარმოადგენს, რომელსაც კენჭს უყრიან. ამის შემდეგ კი უკვე პლენარულ სხდომაზე დაუჭერენ დეპუტატები მათთვის სასურველ კანდიდატს მხარს.

მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაიმართება კონსულტაციები უმრავლესობის შიგნით, თუმცა როგორც ამბობს, გარემო კონკურენტულია და ცალსახა ლიდერის გამოკვეთა რთულია.

„ვერავინ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ იტყვის, რომ სახალხო დამცველის პოსტზე დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მოწონებულ კანდიდატებს კვალიფიკაციით ჩამოუვარდებიან, მაგალითად, თინათინ ერქვანია, ქეთევან ჩაჩავა ან სოფიო დემეტრაშვილი – გასაუბრების პროცესმა ეს აჩვენა.

პროცესი ერთმნიშვნელოვნად ინკლუზიური იყო. ინტერვიუების პროცესში ბევრმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. პროცესს სამოქალაქო საზოგადოება ადევნებდა თვალს. საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება და ინტერესი მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პროცესის წარმატება და გამარჯვება.

გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც ვფიქრობ, რომ ღირსეული კანდიდატია და ბევრი ფიქრი გვმართებს არჩევანი როგორ გაკეთდეს. ყურადღება საკმაოდ ბევრმა მიიქცია. გარემო საკმაოდ კონკურენტულია – ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა ლიდერი ძნელად გამოკვეთადი იქნება“, – თქვა მან.


საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის 19 კანდიდატისთვის უნდა მოესმინათ. დღეს გასაუბრების შემდეგ ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ განაცხადა, რომ ხსნის თავის კანდიდატურას. კანდიდატურა მოხსნა ასევე კიდევ ერთმა კანდიდატმა –  ნიკოლოზ ნიკოლაძემ.  „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელმა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ის კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა გასაუბრებაზე პარლამენტში არ მივა.