სარჯველაძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე: საკითხს გადასაწყვეტად პლენარულ სხდომას დავუტოვებთ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ დასკვნას სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატების შესახებ.

კომიტეტის სხდომა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, სხდომის დაწყებამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კომიტეტი მხარს დაუჭერს ყველა კანდიდატს, ვინც პროცესში მონაწილეობა მიიღო.

„პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.


საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე წარდგენილი იყო სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი. მათგან მოუსმინეს ომბუდსმენობის მსურველ 17 კანდიდატს. გასაუბრების შემდეგ ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ცობეხიამ მოხსნა კანდიდატურა. კანდიდატურა მოხსნა ასევე კიდევ ერთმა კანდიდატმა –  ნიკოლოზ ნიკოლაძემ.  „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელმა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის მქონე კიდევ ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტში კი განაცხადა, რომ ის კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა გასაუბრებაზე არ მივიდა.