სარჯველაძე: რახან ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა, რომ გუშინდელი დღე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი იყო.

მისივე თქმით, ევროკომისიის შეფასებაში მოყვანილ რეკომენდაციებს შორის არ არის ისეთი პირობები, რომელთა შესრულება განსაკუთრებულ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაში იგულისხმება თუ არა ივანიშვილი, მე ასე არ გამიგია, ოლიგარქიას აქვს თავისი განმარტება, ოლიგარქი ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფოსა და ხელისუფლებისა ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი საუბრის, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი რამენაირად იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, მოცემულ შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობს. პრიმიტიულად ნურავინ ნუ მიუდგება ამ საკითხს და ნურავინ ნუ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს. რასაკვირველია, ეს არის აბსოლუტურად მცდარი, შესაბამისად, ასე გადაწყვეტილებები არ ფუძნდება ევროპულ სტრუქტურებში.

ამ შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ ის, ვისზეც გუშინ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. საქართველოში დღეს არსებობენ „პოლიტიკოსები“, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ ხელისუფლება ხელში აიღონ და ამისთვის საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებენ. დასახელდა გვარები, მათ შორის კეზერაშვილი, რომელიც დღეს აქტიურად მოღვაწეობს პოლიტიკაში და შესაბამისად მას აქვს გავლენები ამ მიმართულებით, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.