სარჯველაძე: შევეცდებით, ყველა საკითხი მოვაწესრიგოთ, ძალისხმევას არ დავიშურებთ

პუბლიკა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პირველი ინსტრუქცია, რაც პრემიერისგან მიიღო, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ჩართულობა და გახსნილობაა.

სარჯველაძის თქმით, ის გაეცნობა სამინისტროში არსებულ მდგომარეობას და კონკრეტულ ხედვას შემდეგ ჩამოაყალიბებს.

ირაკლი კობახიძე და ახალი მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროში სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან, გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება, საზოგადოების მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო, ისე ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღება და მაქსიმალურად გახსნილობა. ესაა მთავარი, რაც დამახასიათებელი იქნება ჩვენთვის.

რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ამაზე ალბათ დამჭირდება გარკვეული დრო რეალურად არსებული მდგომარეობის გასაცნობად და ალბათ შემეძლება უახლოეს მომავალში კონკრეტული პასუხი და ინფორმაცია მოგაწოდოთ, როგორია ცალკეული ხედვა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მინისტრი ამბობს, რომ პრემიერის ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს მიჰყვებიან.

DRG მოდელთან დაკავშირებით სარჯველაძე ამბობს, რომ საჭირო იქნება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაცია და პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება.

ჟურნალისტებმა ახალ მინისტრს ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებების შესახებაც ჰკითხეს.

ონკოლოგების სავარაუდო სქემასთან დაკავშირებით სარჯველაძე ამბობს, რომ წინასწარ მას პოზიციების გაცხადება არ შეუძლია და პოზიციას ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ ჩამოაყალიბებს.

სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კი ის პასუხობს, რომ მსჯელობის შედეგად უნდა მივიდნენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე.

ჯანდაცვის ახალ მინისტრად მიხეილ სარჯველაძე პრემიერმა კობახიძემ 11 მარტს წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.