სარჯველაძის თქმით, ალექსი თირქიამ დაფინანსებაზე უარი „კლინიკის ექიმის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო" მიიღო

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულმა ალექსი თირქიამ სამინისტროსგან ოპერაციის დაფინანსებაზე უარი „ერთ-ერთი კლინიკის ექიმის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო“ მიიღო.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ „კლინიკის შეცდომის გამო“ ალექსი თირქიას განაცხადი არასწორად აიტვირთა ჯანდაცვის პროგრამაში და განაცხადის სწორად შევსების შემთხვევაში, თირქია დაფინანსებას მიიღებს.

„როგორც ჩანს, თქვენ საუბრობთ გუშინდელ ხელოვნურად ატეხილ აჟიოტაჟზე, ახალი პანიკის გამოწვევის მცდელობაზე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სინამდვილესთან და რეალობასთან შესაბამისი, ნახევრად ნათქვამი სიმართლე, თუ რაც გინდათ, ის დავარქვათ, მაგრამ, რეალობა გახლავთ ასეთი: თუ ერთ-ერთი კლინიკის ექიმის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს გადასარევად იცის კლინიკამაც, თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით.

წინა სხვა შემთხვევებში ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით ყოველთვის, რადგან საზოგადოების ინტერესია, ყოველთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები გადაწყვეტილებები მიიღებოდა ჩვენი სამინისტროს მიერ.

ამ კონკრეტულ ჯერზე, რაზეც ეს აჟიოტაჟი იქნა ატეხილი, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უბრალოდ კლინიკის შეცდომის გამო არასწორად აიტვირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც არასწორი იყო. ეს გადასარევად იცის თვითონ კლინიკამ და ამ წესით არ ფინანსდება. ამიტომ, მოვუწოდებდი, ასე დაუდევრად პაციენტების ინფორმაციას ნუ მოეპყრობიან კლინიკებში.

[…] სწორად განაცხადი როგორც შემოვა, როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება. ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ რეალურად ეს პიროვნება კონკრეტულად მიიღებს დაფინანსებას”, – ამბობს სარჯველაძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა საოპერაციო ხარჯების ანაზღაურებაზე. მიქელაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე აუცილებლად ექნებათ სამართლებრივი რეაგირება.

მისი თქმით, თირქიას ამ ეტაპზე სჭირდებოდა ბადურას უფრო დაბალბიუჯეტიანი ოპერაციის გაკეთება, თუმცა შემდგომ მას გასაკეთებელი ექნება უფრო მძიმე და ძვირადღირებული ოპერაცია. თამთა მიქელაძე ვარაუდობს, რომ სახელმწიფო მას ამ ოპერაციის დაფინანსებაზეც უარს ეტყვის.


ალექსი თირქია 3 დეკემბერს სპეცრაზმის მიერ აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ დაშავდა – ის კლინიკაში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით შეიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. თირქიას სახეში, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსული მოხვდა.

დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განაცხადა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.