სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ჩახედონ ბოლო სამ რეზოლუციას - პაპუაშვილი კალიურანდს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებებს გამოეხმაურა. კალიურანდმა დღეს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, სარკეში უნდა ჩაიხედონ და შეხედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ.

შალვა პაპუაშვილმა კი შეცდომების გამოსწორებისკენ ევროპარლამენტარებს მოუწოდა.

„სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ჩახედონ იმ ბოლო სამ რეზოლუციას, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა. იმ დეზინფორმაციას და იმ პროპაგანდას ჩახედონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ამ სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ.

ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ ის პროპაგანდა, რომელსაც იყვნენ აყოლილები ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები.

დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, რომ გამოასწორონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომლებმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.