ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) აცხადებს, რომ 5 ივლისს „ფორმულას“ ჟურნალისტმა რატი წვერავამ ტანსაცმელი თავად შემოიხია, რადგან სველი ჰქონდა და ჩხუბიც თავად დაიწყო.
„საოცარია. ეუბნები, აქ ნუ მოხვალ. არა, მე მინდაო. ნუ მოხვალ. ეს ზონა შენთვის არ არის – არა, მე აქ მინდა, მოვედიო.
გაჰყავთ და რატომ გაგყავართ, ხელით შემეხეთო და წიხლებს იყრევინება. კიდევ უარეს აგრესიას იწვევს. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია? გამოგაგდეს, წადი აქედან. საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან და შემოიხია, გადააგდო და ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და იქ დაიწყო ჩხუბი და იძახის, აი, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო. რაში დაგეხმარო, ძმაო? გინდა, შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი? თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებრივი ქცევისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? ვისგან? შეურაცხყოფ საზოგადოებას და ითხოვ პატივისცემას? რას? თავხედობის? უტიფრობის? კადნიერების? ძალადობის?“, – აცხადებს მიტროპოლიტი ამბიონიდან.
„ფორმულას“ ჟურნალისტი რატი წვერავა 5 ივლისს პარლამენტთან ძალადობრივ აქციაზე ჰომოფობთა ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
„პუბლიკის“ მიერ გადაღებული ვიდეოდან ჩანს, რომ წვერავას ათეულობით ადამიანი ურტყამს ხელებს, ფეხებს, ახევს ტანსაცმელს. „პუბლიკის“ ჟურნალისტის აღწერით, წვერავას მოძალადეებმა პარლამენტის კიბეებიდან ქაშვეთის ეკლესიამდე სდიეს, იქიდან კი ჟურნალისტი მანქანით გაარიდეს.
შემთხვევის გადაღება მოახერხა „კავკასიამაც“
თავად რატი წვერავას განცხადებით, მიტროპოლიტი იოანე იყო მასზე ძალადობის წამხალისებელი.
„რეალურად, სწორედ მეუფე იოანე გამრეკელი იყო ადამიანი, რომელმაც ბიძგი მისცა ჩემზე განხორციელებულ ძალადობას.
კიდევ კარგი, რომ ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები არსებობს და ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ჩემზე, თორემ დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები სწორედ ამ ვერსიას განავითარებდნენ, რომ თურმე, მე მივიყენე დაზიანებები“, – აცხადებს ის.
7 ივლისს მან სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ფოტო გააზიარა და დაწერა, რომ ორი სასულიერო პირი და პოლიციელი რამაზ ჩოჩიშვილი მასზე გადაფარებული იყვნენ.
„ხედავთ, რამდენია იმ „ადამიანის” რაოდენობა, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, მოვეკალი. ბუნებრივია, რთული იყო ამ ვითარებაში ჩემი დაცვა, მაინც ახერხებდნენ ჩემზე ძალადობას, მაგრამ ცოცხალი რომ ვარ, ამ სამი ადამიანის დამსახურებაა. ეს ყველაფერი ქაშვეთის დაბლა ხდება, პარლამენტის კიბეებიდან ამ ადგილამდე ყველაზე რთული გზა გამოვიარე, წიხლებით, მუშტებით, ხელკეტებით, ჯოხებით, ყველაფერს მირტყამდნენ რაც ხელში მოხვდებოდათ.
სხვადასხვა ჯგუფში წავიკითხე ჩემზე კომენტარი, რატომ არ ამბობს, მამაომ რომ დაიცვაო. დამიჯერეთ, 50 ზე მეტი ადამიანი როცა გიმეტებს სასიკვდილოდ, ტკივილის გარდა, ვერაფერს გრძნობ. არც მადლობის გადახდა მიჭირს ვინმესთვის, აუცილებლად ვნახავ თითოეულ ადამიანს, ვინც დამიცვა და პირადად გადავუხდი მადლობას. ამ ორი დღის შემდეგ პირველად შევძელი, რომ მეყურებინა ყველა ვიდეოსთვის, სადაც ჩემზე ძალადობა ჩანს და ამიტომაც დავაგვიანე მადლობის გადახდა“, – წერს წვერავა.