„დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ პარლამენტში ბავშვებს, შშმ პირებს თავისი პროფესიის პოზიტიურად გამოყენებით პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კოლეგის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივას, პარლამენტში ფორტეპიანოს შეძენის თაობაზე.
„პარლამენტში რიგი ღონისძიებები იმართება. მაგალითად, ბავშვებს ვმასპინძლობთ ხოლმე ხშირად. მოგვიწვევია და გარკვეული ანაზღაურება დამჯდარა, როცა კარგ პიანისტს იწვევ. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ ბავშვებს, შშმ პირებს თავისი პროფესიის ასე პოზიტიურად გამოყენებით პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს. თუ თქვენ ძალიან სასაცილო ამბავი გგონიათ, როცა მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული პიანისტი პიანინოზე დაკვრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ. ცოტა ადამიანური მომენტებიც რომ დავიტოვოთ, „ფეისბუქზე“ პარტიულმა სააგენტოებმა ვითომ დამცინავი და ძალიან ამაზრზენი პოსტები არ მიუძღვნან, კარგი იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის წერილობით კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში. ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი”, – განაცხადა დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ.
ის გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას: „ქალბატონი ელისო ბოლქვაძე არის კარგი პიანისტი, დაუდგან როიალი და კონცერტები გამართონ პარლამენტში და ამით შეიქციონ თავი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში არ იარსებებს“.