„სასაცილოა, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალები რამით გამორჩეული იყვნენ" - მეგრელიშვილი

პუბლიკა

სავალდებულო კვოტირების გაუქმების კანონპროექტის თანაავტორმა და „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გუშინ TV პირველის ეთერში პოლიტიკოსი ქალების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა. მან თქვა, რომ პროფესიულად მათი გამორჩევა „უცნაურად გამოიყურება, თუ ვინმეს ტელევიზორებში ხმაურის მიხედვით არ ვაფასებთ”.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საპარლამენტო ცხოვრებამ ძალიან ბევრი მშრომელი, მიზანსწრაფული ქალი გამოაჩინა, მეგრელიშვილმა უპასუხა: „ვინ არიან? მეც გამაცანით”.

„ვისზე ლაპარაკობთ, მე არ ვიცი. ადგილებს რომ ეძებენ პარტიებში, იმ ქალებზე ლაპარაკობთ? რა როლი გამოიჩინეს ქალებმა, კაცებს რომ ადარებთ? ხომ არიან ქალები, რა განსაკუთრებული როლი აქვთ ამ ქალებს საპარლამენტო ცხოვრებაში?”, – თქვა მეგრელიშვილმა.

ჟურნალისტმა მას მაგალითად მოუყვანა რუსული კანონის დროს გამოხატული პროტესტი, რაზეც „გირჩის” დეპუტატმა განაცხადა:

„რა გააკეთეს ასეთი? მე იქ ვმუშაობ, ჩემი კოლეგები არიან ეს ხალხი, მიყვარს, პატივს ვცემ, მაგრამ რამით რომ პროფესიულად ესენი გამოარჩიო ვინმესგან, უცნაურად გამოიყურება, თუ ტელევიზორებში ხმაურის დეციბელების მიხედვით არ ვაფასებთ ვინმეს. არც ჩვენ ვბრწყინავთ, კი ბატონო, მაგრამ რამით რომ გამორჩეული იყვნენ ამ პარლამენტში და ზოგადად, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ქალები, უბრალოდ სასაცილოა”, – განაცხადა მან.

ამის პასუხად ჟურნალისტმა პარლამენტის წევრს ჰკითხა: „თქვენ არ აკეთებთ დისკრიმინაციას? თუ თანასწორობაზე ლაპარაკობთ”, რაზეც მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ თანასწორობაზე ლაპარაკობს, თუმცა ეს უნდა „დაიმსახურო”.

„თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, ოღონდ ეგ უნდა დაიმსახურო. დამსახურებით ხდება. საქართველოში სამჯერ იყო ქალი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი. უამრავი პარტიაა, სადაც ქალი არის ლიდერი, მაგრამ ჯამურად რომ შეხედოთ, პოლიტიკა ქალების ინტერესი სფეროს არსად არ წარმოადგენს სამყაროში. სამყაროში ასეა განაწილებული მათი ინტერესები, ქალების ინტერესები არის სხვა პროფესიები”, – თქვა მან.

მეგრელიშვილის ამ განცხადებებს დღეს გამოეხმაურა ხატია დეკანოიძე – მან კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა, რომ „თანასწორობით იბადებიან და ქალებს თანასწორობის დამსახურება არ სჭირდებათ”.

„გუშინ ბატონი მეგრელიშვილი გამოვიდა სატელევიზიო ეთერით და აღნიშნა, რომ თურმე ქალებმა უნდა დავიმსახუროთ თანასწორობა და აღნიშნა, რომ პროფესიული ნიშნით უნდა მოვხვდეთ. საერთოდ, ნებისმიერი პოლიტიკოსი იზომება ელექტორალური ნიშნით – თქვენ რა ნიშნით მოხვდით პარლამენტში?

მე მგონია, რომ საერთოდ, თქვენც კაცის დამსახურებით მოხვდით პარლამენტში და გგონიათ თუ არა რომ, ზურაბ ჯაფარიძე რომ არ ყოფილიყო, მოხვდებოდით პარლამენტში? ანუ, თქვენც კაცების დამსახურებით ხართ აქ. რა გაქვთ ის გამორჩეული პროფესიული ნიშანი, რის გამოც თქვენ საქართველოს პარლამენტში თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეს?”, – განაცხადა მან.