„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს რამდენიმე შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ დაუსვა.
კახა წიქარიშვილი: „თქვენი აზრით, როცა მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მოსამართლის გამოძახების საწინააღმეგოდ როცა პროცესზე არ მიიყვანა, არის კანონდარღვევა თუ არ არის?“
ნინო სანდოძე: „მინდა გითხრათ, რომ არაერთ საქმეზე ხდება, როცა მოსამართლე სასართლო იწვევს პატიმარს და სასჯელაღსრულების დაწესებულება ბადრაგირებას სასამართლოში არ ახორციელებს. ეს რომ ყოფილიყო ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, რაღაც კითხვის ნიშნები გაჩენილიყო. თუმცა, ჩემ წარმოებაში არსებულ საქმეებზე ახლა გარკვეულწილად ელექტრონულმა ჩართვამ გვიშველა, თორემ სააპელაციო ინსტანციაში საქმეთა განხილვის გაჭიანურების 90% მიზეზი იყო, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება სასამართლოს აცნობებს, რომ საკმარისი ადამიანური რესურსის და ტექნიკური პირობების არარსებობის გამო, ვერ ახორციელებს პირის ბადრაგირებას“
კახა წიქარიშვილი: „არის თუ არა კანონდარღვევა? კი ან არა რომ უპასუხოთ“
ნინო სანდოძე: აქ უნდა გაირკვეს მიზეზი თუ რატომ არ იქნა ბადრაგირება განხორციელებული, თუ შეეძლო და არ მიიყვანა, ეს სხვა საკითხია
კახა წიქარიშვილი: ორი მიზეზი დასახელდა – ბრალდებულის ჯანმრთელობა და პატიმრის უსაფრთხოება, არის თუ არა ეს საკმარისი მიზეზი და შეესაბამება თუ არა ეს კანონს?
ნინო სანდოძე: ვფიქრობ, საკმარისი მიზეზია თუ ჩათვალა, რომ ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, ამ საკითხებზე სწორედ პენიტენციური დაწესებულებაა ვალდებული, რომ უზრუნველყოს იქ მყოფ პირთა უსაფრთხოება
კახა წიქარიშვილი: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ისტორიული პროცესი არის ყოფილი პრეზიდენტის გასამართლების პროცესი. ასეთი გახმაურებული პროცესი ჩვენ პრაქტიკულად არ გვქონია ალბათ, ბოლო 100 წლის განმავლობაში. ასწლეულის პროცესზე უნდა გავასამართლოთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც არის პატიმარი, სასამართლო ამბობს, მომიყვანეთ პატიმარიო და სასჯელაღსრულებას არ მიყავს, ეს თქვენთვის არის თუ არა სასამართლოს ავტორიტეტი?
ნინო სანდოძე: თუ დაუსაბუთებლად არ მიჰყავთ პატიმარი, რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს ავტორიტეტს დაუკავშირდება, თუმცა, ამას სჭირდება დასაბუთება, თუ რა არის მიზეზი, რის გამოც არ ხდება კონკრეტული პატიმრის ბადრაგირება.