სასამართლო აქციების გამო დაკავებული 11 პირის საქმეს განიხილავს - ადვოკატები მოსამართლის და პროკურორების აცილებას მოითხოვდნენ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების გამო დაკავებული 11 ბრალდებულის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს.

სხდომის დასაწყისში ადვოკატებმა  დააყენეს რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის, მოსამართლის და პროკურორების აცილების.

რეზო კიკნაძის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატის განცხადებით, საქმე თავდაპირველად მოსამართლე ნინო თარაშვილს ეწერა, ირაკლი შვანგირაძემ კი ის გუშინ საღამოს გადაიბარა. ადვოკატის პოზიციით, მოცულობით საქმეს, რომელშიც წარმოდგენილია 13 ტომი, თითო ტომი, მინიმუმ 250 გვერდია, ასევე აურაცხელი ვიდეომასალა, მოსამართლე რამდენიმე საათში ვერ გაეცნობოდა.

„მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ერთი გვერდის წაკითხვას მინიმუმ 1 წთ. სჭირდება, თითო ტომი მინიმუმ 250 გვერდია. წარმოდგენილია აურაცხელი ვიდეომასალა. საქმე გუშინ გადმოგეწერათ, სხვა დრო არ გექნებოდათ მასალის გასაცნობად“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მეორე საფუძვლად მან მოსამართლის წარსული საქმიანობა დაასახელა:

„თქვენი ბიოგრაფია, 2022-2023 წლებში იყავით ქუთაისის პროკურორი, პროკურორობის დასრულებიდან წელიწად-ნახევარიც არაა გასული.

მოსამართლეს, რომელსაც უმწიკვლო კარიერა ჰქონდა, დაახლოებით 5 საათის შუალედში ცვლის მოსამართლე, მე იდეაში მესამე პროკურორს ვხედავ პროცესზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

გუჯა ავსაჯანიშვილის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლისთვის მოცულობითი საქმის რამდენიმე საათში გაცნობა რთული იქნებოდა, გაიზიარეს სხვა ადვოკატებმაც, მაგალითად, შოთა თუთბერიძემ, რომელმაც მიუხედავად ამისა, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააყენა.

პროკურორებმა ვაჟა თოდუამ და ვახტანგ ცალუღელაშვილმა განაცხადეს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა შეფასებაზეა დაფუძნებული და არ გაიზიარეს მათი პოზიცია. მათი აზრით, დაცვა ნებისმიერი მოსამართლის აცილებას იშუამდგომლებდა.

მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„წინარე საქმიანობა მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს, თუმცა ბატონმა ელგუჯამ მხოლოდ ის ნაწილი ამოიკითხა, როცა მე პროკურორის თანამდებობაზე ვმუშაობდი, მაგრამ მე ვიყავი ადვოკატი – ეს ნაწილი არ ამოიკითხა.

გაჟღერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, იცნობს თუ არა მოსამართლე საქმის მასალებს. მართალია, მე გუშინ დამეწერა აღნიშნული საქმე და მერწმუნეთ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩავდე იმაში, რომ გავცნობოდი ამ საქმეს და საქმის მასალებს რომ არ ვიცნობდე, არ დავიწყებდით საქმის განხილვას“, – განაცხადა მან.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა პროკურორ ვაჟა თოდუას აცილება მოითხოვა. საფუძვლად ესტონეთის მიერ მისთვის დაწესებული სანქცია დაასახელა.

ადვოკატის შუამდგომლობის მიხედვით, თოდუას სანქცია დაუწესდა პატიმრების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევით წარმოებული საქმეების გამო, მათ შორის, ანდრო ჭიჭინაძის პოლიტიკური მოტივით სისხლის სამართლის დევნაზე.

ადვოკატის თქმით, ვაჟა თოდუა ვერ შეძლებს ადამიანის უფლებების დაცვას. მიგინეიშვილის ამ შუამდგომლობას ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილიც დაეთანხმა, რომელმაც მეორე პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა.

თავად ვაჟა თოდუამ აღნიშნა, რომ ამ საქმესთან სხვა ქვეყნის სანქციას კავშირი არ აქვს.

„ეს ინფორმაცია სანქციებთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მასმედიის საშუალებით. აღნიშნული, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, სავარაუდოდ, ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება […]“, – განაცხადა მან.

პროკურორების პოზიციით, დაცვის მხარის შუამდგომლობა უსაფუძვლო იყო.

ადვოკატმა ფიქრია მახარაძემ აღნიშნა, რომ ვერ გაიგო, პროკურორები თვლიან თავს დასანქცირებულად თუ არა. მისი თქმით, ერთია, არ თვლიდე თავს დასანქცირებულად და მეორეა, რომ სანქციებს არა უშავს.

„ფიქრობთ, რომ დასანქცირება არ არის აცილების საფუძველი?“, – მიმართა მან პროკურორს,

„არანაირ კავშირში არ არის ეს საკითხი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან, რა თქმა უნდა, არ არის [სანქცია დაკავშირებული აცილებასთან]“, – განაცხადა პროკურორმა.

მოსამართლემ არც პროკურორების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„უცხო სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქმედი საჯარო მოხელეების დასანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა არ წარმოადგენს აცილების საფუძველს, ვინაიდან არ არის ცნობილი, რა პროცედურებზე დაყრდნობით განხორციელდა, სამართლებრივი პროცედურაა თუ პოლიტიკური და მთელი რიგი გარემოებები, რაც ამასთან დაკავშირებით გაჟღერდა, არის ბუნდოვანი. ეს არ შეიძლება გახდეს აცილების საფუძველი“.

საქმეზე აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი ბრალს არ აღიარებს.

დასაკითხ პირთა სიაში პროკურატურას 97 ადამიანი ჰყავს შეყვანილი.