სასამართლო აქციებზე ყოფნისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული 54 პირის საქმეს განიხილავს

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყოფნის გამო დაკავებული 54 პირის პროცესია ჩანიშნული.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

მათ გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან – ეს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა.

პოლიციელებს ისინი ადგილზე არ დაუკავებიათ. როგორც ამბობენ, ადგილზე სამართალდამცველებს მათთვის არ მოუწოდებიათ, რომ გზიდან გადასულიყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო იბარებდნენ.

„24 აპრილს გზის ხელოვნურად გადაკეტვას მედავებიან. ათასობით ადამიანი იყო იქ. არ ვიცი, ხელოვნურად გადაკეტვაში რას გულისხმობენ. ეს აქტივისტების დაშინებას ემსახურება. ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ და აღარ გავალთ აქციაზე. არ გვეშინია“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც ადვოკატი ამბობს, მათთვის მოსამართლემ შესაძლოა, გამოიყენოს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან 15-დღიანი პატიმრობა. ორგანიზატორის შემთხვევაში კი 5 000 ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.

ადვოკატების თქმით, დღეს მოსამართლეს წარუდგენენ ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც, მათი თქმით, უტყუარად ადასტურებს, რომ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და საქმის წარმოება უნდა შეწდეს.

„ათასობით ადამიანი იყო, როგორ შეიძლება მათ ხელოვნურად გადაეკეტათ გზა. ეს წარმოება არის პოლიტიკური. არაფერი  კავშირი არ აქვს სამართალთან“, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

აქციაზე ყოფნის გამო დაკავებულების საქმეს განიხილავს სამი მოსამართლე: ნინო შჩერბაკოვი, ირაკლი ჩიკაშუა და კობა ჩაგუნავა.