დღეს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უყრიან კენჭს.
საკომიტეტო მოსმენაზე პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ნიკა მელიას წარმომადგენლების დასწრებაზე დასვა კითხვა. „როგორც ცნობილია მელიას ადვოკატები გეგმავდნენ დასწრებას და რატომ არ არიან აქ წარმოადგენილი?“ – იკითხა ლევან იოსელიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტისთვის არავის მიუმართავს ოფიციალურად კომიტეტზე დასწრების მოთხოვნით.
„ოფიციალურად კომიტეტს არანაირი მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მომართვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებდნენ მოსვლას და მე მგონი, მოსულებიც იყვნენ. გუშინ ოფიციალური მომართვა კომიტეტში არ შემოსულა. მეორე, ჩვენ სასამართლო აქ არ ვართ, რომ ჩვენ დაცვისა და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ შევიდეთ სიღრმეებში და შემდგომ მასალები მოვითხოვოთ. ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას. რისი უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩნია. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ დამატებითი ახსნა-განმარტებები შეიძლება გახდეს საჭირო, იმსჯელოს კომიტეტმა და გადავწყვიტოთ, საჭიროა თუ არა ვინმეს დამატებით მოწვევა. თუ ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ წინადადება მივიღოთ, მივიღოთ გადაწყვეტილება დამატებით ვინმეს მოწვევის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ლევან იოსელიანის თქმით, ის არ იზიარებ ამ პოზიციას და ადვოკატების დასწრებით პროცედურა არ დაირღვეოდა.
„მე არ ვიზიარებ ამ პოზიციას. როცა ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი განიხილება, სულ ცოტა მის წარმომადგენელებს უნდა ჰქონოდათ საშუალება, რომ არგუმენტები გააჟღერონ. ამით არაფერი დრამატული პროცედურული დარღვევა არ იქნებოდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.