სასამართლო ცესკოს ახალი დადგენილების წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს.
სარჩელი სასამართლოში შეიტანა კოალიციამ – „ძლიერი საქართველოსთვის“. მოსარჩელე დადგენილების გაუქმებას მოითხოვს. გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
დადგენილება, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.
მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი საარჩევნო უბანზე, ვინ იქნება რეგისტრატორი ან ვინ გაყვება გადასატან ყუთს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” პროცესზე სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარმოადგინა.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ცესკო სადავო დადგენილების მიღებისას ეყრდნობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ცესკო უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევაში, დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა.
საიას შეფასებით, ცესკოს ცვლილებისთვის მითითებულ სამართლებრივ საფუძველს არასწორად განმარტავს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ერთმნიშვნელოვნად საკანონმდებლო ნორმა ცესკოს მხოლოდ მაშინ აძლევს გამონაკლისის სახით კანონით განსაზღვრული ვადების შეცვლის შესაძლებლობას, როდესაც დადგენილ ვადაში კონკრეტული საარჩევნო ღონისძიება ვერ ესწრება.
შესაბამისად, ცესკოს საარჩევნო კოდექსით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ გამხდარა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს.
„საიას” შეფასებით, ამ არგუმენტის სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებს ისიც, რომ არაელექტრონული უბნების შემთხვევაში უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურების რაოდენობა არ გაზრდილა.
ამის საპირისპიროდ, პროცედურების ჩასატარებლად გამოყოფილი დროის მონაკვეთი 15 წუთით, ერთ საათსა და 15 წუთამდე გაიზარდა. დროის უკმარისობა არც ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი უბნების შემთხვევაში გამოკვეთილა. მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენებით რამდენჯერმე უკვე გაიმართა კენჭისყრა და არც ერთხელ არ გამოვლენილა რაიმე ლოჯისტიკური სირთულე, რაც დაკავშირებული იქნებოდა წილისყრის პროცედურების ჩატარებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ წილისყრის პროცედურის კანონით დადგენილი წესით ჩატარება, როგორც წესი, ყველა არჩევნების დროს პრობლემური იყო, საიას დაკვირვებით, ის არ გამხდარა საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი. ცესკოს სადავო რეგულირების არსებობა პრაქტიკული მაგალითებით არ დაუსაბუთებია. ამის ნაცვლად, აქცენტი გაკეთდა საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვის სავარაუდო შესაძლო ხელშეშლაზე.
„საია“ არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს წილისყრის პროცედურის არჩევნების დღეს ჩატარებას, რადგან იგი არ უკავშირდება საკითხის მხოლოდ ლოჯისტიკურ გადაწყვეტას და ის, მათ შორის, უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, ზრდის საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას და აზღვევს კომისიის ცალკეული წევრების მიმართ შესაძლო დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევებს.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ქართულ რეალობაში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების პირობებში, კომისიის წევრთა ფუნქციების მინიმუმ შვიდი დღით ადრე გამოვლენა აჩენს რისკებს, რომ შესაბამისი პოლიტიკური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, შერჩეული პირები აღმოჩნდნენ დაშინებისა და ზეწოლის მაღალი რისკის ქვეშ.
„საიას” შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა საჯაროა, კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად მათი წინმსწრებით შერჩევა, შერჩეულ პირებს ამგვარი რისკის პირობებში აყენებს.
„შემოთავაზებული ცვლილება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისათვის არსებითად აუარესებს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს. კენჭისყრის პროცესის დაკვირვება მიუკერძოებელი და სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ თავისუფალი, თანასწორი და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა.
ეს პროცესი კი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციათა გადანაწილების პროცედურაზე დაკვირვებას, რამეთუ კომისიის წევრებს შორის ფუნქციური სიცხადე უზრუნველყოფს საარჩევნო უბანზე პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას, პროცესის გამართულობასა და თანმიმდევრულობას.
საიას შეფასებით, ცესკომ არასწორად განმარტა ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო დადგენილება ცვლილების საჭიროების სათანადო დასაბუთებისა და ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო. ერთგვაროვანი საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროების შემთხვევაშიც კი, ცესკოს აღნიშნული მიზნისთვის უპირატესი სიკეთის დაზიანების გარეშე უნდა მიეღწია. შედეგად, სადავო ცვლილება აუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას, ართულებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობას და გაუმჭვირვალეს ხდის პროცესს”. – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.